ხუთშაბათი, 16.05.2024, 02:50
The Best Site Ever
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [41]
ბრძნული გამონათქვამები [40]
ქართული ანდაზები [2]
ქართული ფრაზეოლოგიზმები [1]
აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან'' [1]
მეცნიერება [41]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » ფაილები » ჩემი ფაილები

qartuli ena
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (623.0 Kb) ] 25.06.2009, 12:30
                                                     ქართული ენა
                 ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
• თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.
• ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი თავის მხრივ მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
• ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). აწ განსვენებული ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოჩენილ იქნა წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება.
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას, ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.
თანმამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა. ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი) ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
                                                                       კილოები
სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.
შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.
არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.
გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული ა თუშური; 6. გურული და აჭარული.
ბ. ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.
ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;
• ცენტრალური კილოები: ქართლური, კახური,იმერული, ლეჩხუმური, გურული.
• განაპირა კილოები: მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური;
• ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური;
• ფხოვური კილოები: ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე „ასოცირებულ“ დიალექტად განიხილავს წოვათუშურსაც, რომელიც შეიცავს როგორც ჩეჩნურ-ინგუშურის, ასევე ქართულის მსგავს ფენებს; რაჭული კოლები: ბარისრაჭული, მთარაჭული;
• სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
• ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.
ქართული ენა ქართულ კულტურასა და ეროვნულ ცნობიერებაში
ქართული ეროვნული სულის გამომხატველი სამების „ენა, მამული, სარწმუნოება“ პირველი ქვაკუთხედი.
„ენა, მამული, სარწმუნოებას“ საწყისი სახე „მამული, ენა, სარწმუნოება“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს: «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…»
იოანე ზოსიმე, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“:
«დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა…»
ლიტერატურა: ზვიად გამსახურდია, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“
1978 წლის 14 აპრილი
ქართული ენა ქართველი ერის მეობის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველია. ქართველობა ყოველთვის უფრთხილდებოდა‚ იცავდა და ამდიდრებდა თავის ენას‚ რის შესანიშნავ დადასტურებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ 1978 წლის აპრილის მოვლენები თბილისსა და ზოგადად მთელს საქართველოში. გარუსების დასაჩქარებლად და ერთიანი საბჭოთა ერის ჩამოსაყალიბებლად საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ რაც თავისთავად გამოიწვევდა რუსულის სახელმწიფო ენად დამკვიდრებას მთელს საბჭოეთში‚ რამეთუ საბჭოთა კონსტიტუციით სწორედ რუსული ენა იყო სსრკ-ის სახელმწიფო ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი ქართველი ერი.
1978 წლის 14 აპრილს‚ მაშინ როდესაც მარიონეტულ უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა სსსრ-ის კონსტიტუცია‚ რომლიდანაც „გამქრალი“ იყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ‚ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ (დღევანდელი პარლამენტი). ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ სსსრ-ის კპ-ის იმჟამინდელი გენერალური მდივანი‚ ამხანაგი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად. ვერც დაპირებამ გაჭრა‚ ვერც მუქარამ და ვერც დაყვავებამ. სსსრ-ის კპ-ის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა‚ მაგრამ გადაწყვეტილება მოსკოვში იღებოდა. ამხ. ედ. ამ. შევარდნაძე მოსკოვის საქმის კურსში ჩასაყენებლად და მოსკოვისაგან მითითებათა მისაღებად უმაღლესი საბჭოს შენობაში შებრუნდა. დაუკავშირდა მოსკოვს‚ აცნობა შექმნილი ვითარება და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.
ეს იყო ქართველი ერის დიდი გამარჯვება — კომუნისტური რეჟიმი იძულებული გახდა შეეცვალა გადაწყვეტილება — ქართული ენის როგორც საქართველოს (სსსრ იმჟამად) სახელმწიფო ენის სტატუსი გარანტირებული იყო კონსტიტუციით. 14 აპრილი არის ეროვნული დღესასწაული — დედაენის დღე.
მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი“ იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.

                                        მეგრული ენის გავრცელების არეალი
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის - ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი - სვანურთან
მეგრულს მშობლიურ ენად თვლის 700.000 ადამიანზე მეტი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა(200.000-ზე მეტი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც.
მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.
მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “ყაზახიშ’ გაზეთი”, “კომუნა”, “სამარგალოშ’ ჩაი”, “სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი ”ირიათონი”, ხოლო 2006 წელს გაზეთი ”მაფშალია”, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.
                                                                 ენის ისტორია
მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.
ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი "მეგრული ეტიუდები".
                                                                        გრამატიკა
                                                                          ბრუნება
                    მეგრულ ენაში არის 7 ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. მეშვიდე ბრუნვა - წოდებითი, ზოგ შემთხვევაში არც კი განიხილება როგორც ბრუნვა, ამიტომ ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მეგრულში 6 ბრუნვაა. მეგრული ბრუნვების ნიშნებია:
სახელობითი - არ აქვს ნიშანი - კოჩ
მოთხრობითი -ქ - კოჩქ
მიცემითი -ს - კოჩს
ნათესაობითი -შ, -იშ - კოჩიშ
მოქმედებითი -ით, -თ - კოჩით
ვითარებითი -ო, - კოჩო
წოდებითი - როგორც სახელობითი.
დიალექტური დიფერენციაცია
მეგრულის მთავარი დიალექტებია:
• ზუგდიდი-სამურზაყანოს ან ჩრდილო-დასავლეთის დიალექტი
o ზუგდიდი, ჯვარი, გალი, ოჩამჩირე
• სენაკის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის დიალექტი
o სენაკი, ჩხოროწყუ
o მარტვილი-ბანძა
o აბაშა

                                                                 ლაზური ენა 

                                 ლაზური ენა (ლაზ. ლაზური ნენა) -- შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპროს გასწვრივ მცხოვრები (ამჟამად თურქეთის რიზეს და ართვინის პროვინციები) ამავე სახელწოდების ქართველური ეთნიკური ჯგუფის (ლაზები) სასაუბრო ენა. სავარაუდოდ ამ ენაზე დაახ. 500.000 ადამიანი საუბრობს თურქეთში, რეგიონში, რომელსაც კოლოქვიალურად ”ლაზისტანს” უწოდებენ, და დაახ. 30.000 საქართველოში.
გეოგრაფიული არეალი
კოლხთა უძველესი სამეფო მდებარეობდა იმ რეგიონში სადაც ამჟამად ლაზურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს, შესაბამისად მათი ენა კოლხთა შთამომავალი (ან ერთ-ერთი განშტოება) უნდა იყოს.
ამჟამად ლაზურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობს, შავი ზღვის სანაპიროზე: რიზესა და ართვინის პროვინციებში. ლაზების ნაწილი რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) შემდეგ გადასახლდა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (კარამიურსელი, საქარია, ბარტინი და სხვ.) და ამჟამად ასევე სტამბულსა და ანკარაში. ლაზების მცირე ნაწილი ცხოვრობს საქართველოშიც, უმეტესწილად აჭარაში (დაახ. 30.000)

                                                                ანბანი
ლაზური ენა იყენებს ქართულსა და ლათინურ დამწერლობებს. ამათგან თურქეთში მყოფი ლაზებისთვის უფრო პოპულარული თურქული ლათინურის მიხედვით შექმნილი ე.წ. "ლაზური ანბანია". 

                                                                 სვანური ენა
სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახ. 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.
                                                                          ისტორია
სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ.წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

                                                                      დიალექტები
სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:
• ბალსზემოური (დაახ. 15.000 მოსაუბრე): უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტია, ლენჯერი, ლათა.
• ბალსქვემოური (დაახ. 12.000 მოსაუბრე): ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ჭუბერი, ლახამი.
• ლაშხური
• ლენტეხური: ხელედი, ხოფური, რცხმელური, ჭოლური.

                                                           ქართული დამწერლობა
                        ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აბხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ცისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება.
ასოები
ა ბ გ დ ე ვ ზ ჱ თ ი კ ლ მ ნ
ჲ ო პ ჟ რ ს ტ ჳ უ ფ ქ ღ ყ შ
ჩ ც ძ წ ჭ ხ ჴ ჯ ჰ ჵ ჶ ჷ ჸ
ისტორია [რედაქტირება]


ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.
ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ურთიერგამომრიცხავია:
• ქართული გადმოცემის თანახმად მისი შექმნა მიეწერება საქართველოს მეფე ფარნავაზ I-ს ძვ.წ. III საუკუნეში. ქართული მწერლობის უძველესი ძეგლი "
• შუშანიკის წამება" უეჭველად ცხადყოფს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო მაღალგანვითარებული წერილობითი კულტურა, რაც მხარს უმაგრებს თქმულებას ქართული ანბანის ფარნავაზის მიერ შექმნის შესახებ. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძისმიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ "ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული "ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება.
• ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ.წ. IV-V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492-493 წწ)). უკანასკნელი მონაცემები (აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები) ადასტურებს, რომ ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას განეკუთვნება.
ქართული დამწერლობის სახეები

ქართული დამწელობა შედგება სამი, ისტორიულად თავისებური და ფრიად განსხვავებული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ხუცური (ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
• ასომთავრული - უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება მე-8-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. მე-11-ე საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში იგი უპირატესად „მთავრული, Capital“ ასოებად გამოიყენებოდა. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა - ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს - სომხურს, კოპტურს და სხვ.
• ხუცური - მაგალითები აღმოჩენილია მე-9-ე საუკუნიდან. მე-11-ე საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონო, Lowercase“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12-ე საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ხუცურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა მე-18-ე საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ხუცური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა).
• მხედრული - მაგალითები არსებობს მე-11-ე საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული, Capital“ ასოები.
ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა - როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
• ჱ - ჰე
• ჲ - იოტა
• ჳ - ვიე
• ჴ - ხარი
• ჵ - ჰოე
თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართულ კუთხურ მეტყველებებში (ხევსურული, ფშაური).
თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”.
ქართული ანბანი ქართველურ ენებში
ყველა ქართველური ენა იყენებს ქართულ დამწერლობას (ლაზური - ქართულსა და თურქულს). ზოგიერთ ქართველურ ენაში მოიპოვება ისეთი ბგერა, რომლის აღნიშვნა თანამედროვე ქართული ანბანის 33 ასოთი შეუძლებელია. არსებობს სპეციალური ნიშნები, რომლითაც ჩაიწერება მეგრულ-ლაზური და სვანური ბგერები:
• ჲ - ზანურ ენაში, მოკლე ი (ლაზური და მეგრული)
• ჴ - სვანურ ენაში - მძიმე ხ
• ჷ - სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, არის ყრუ ხმოვანი. დაახლოებით გამოითქმის როგორც თურქული ”ı”
• ჸ - მეგრულ ენაში - ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ
• ჶ - ლაზურსა და ოსურში - ლათინური "f"
• უ' - უ-ბრჯგუ - სვანურში, მეგრულსა და ლაზურში - მოკლე უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ, ან უ.
ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში
ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც მთავრული, ხუცური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული კოდები გააჩნიათ.
თანამედროვე ქართული ანბანი
თანამედროვე ქართულ ანბანში (მხედრული) 33 ასოა.
ასო უნიკოდი სახელი ასო უნიკ. სახელი ასო უნიკ. სახელი ასო უნიკ. სახელი ასო უნიკ. სახელი
ა 10D0 ანი ბ 10D1 ბანი გ 10D2 განი დ 10D3 დონი ე 10D4 ენი
ვ 10D5 ვინი ზ 10D6 ზენი თ 10D7 თანი ი 10D8 ინი კ 10D9 კანი
ლ 10DA ლასი მ 10DB მანი ნ 10DC ნარი ო 10DD ონი პ 10DE პარი
ჟ 10DF ჟანი რ 10E0 რაე ს 10E1 სანი ტ 10E2 ტარი უ 10E3 უნი
ფ 10E4 ფარი ქ 10E5 ქანი ღ 10E6 ღანი ყ 10E7 ყარი შ 10E8 შინი
ჩ 10E9 ჩინი ც 10EA ცანი ძ 10EB ძილი წ 10EC წილი ჭ 10ED ჭარი
ხ 10EE ხანი ჯ 10EF ჯანი ჰ 10F0 ჰაე ჱ 10F1 ჰე ჲ 10F2 იოტა
ჳ 10F3 ვიე ჴ 10F4 ხარი ჵ 10F5 ჰოე ჶ 10F6 ფი

კატეგორია: ჩემი ფაილები | დაამატა: carlosi
ნანახია: 6277 | რამოტვირთვები: 1008 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 3.7/6
სულ კომენტარები: 4
4 merabi  
0
skolis impormaciad mmces spasiba

3 gnfgthfr  
0
magaria

2 saba  
0
dzaan kaia magaria venacvale saqartvelos

1 ninuca  
0
skolashi davalebad momces,rom qartul enaze momedzia da mteli google gadavatriale,tumca ver vipove da didi madloba,rom giyvart chveni ena da gindat,rom misi carsuli yvelam gaigos

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
Copyright MyCorp © 2024